მთავარი » 2011»დეკემბერი»23 » "ალო, 2- 20-ია?" ანუ რატომ ვამბობთ "ალო"-ს ტელეფონით მისალმებისას?
14:49
"ალო, 2- 20-ია?" ანუ რატომ ვამბობთ "ალო"-ს ტელეფონით მისალმებისას?
გიფიქრიათ ოდესმე, რატომ ვამბობთ ტელეფონის, მობილურის აღებისას მაინცდამაინც სიტყვა "ალოს"?
თურმე თავიდან, როცა ტელეფონი ის-ის იყო გამოიგონეს, მის ზარზე პასუხობდნენ სიტყვით "ექოი!" სწორედ ამ სიტყვით მიესალმებოდა ტელეფონის ამერიკელი გამომგონებელი, ალექსანდრ ბელი ერთი ხაზიდან მეორე ხაზის ბოლოში მოსაუბრეს. ეს სიტყვა საზღვაო ჟარგონიდან მოდის და სავარაუდოდ "ეი, მანდ გემბანზე!"-ს ნიშნავს.
ბელის კონკურენტმა, ტომას ედისონმა კი, რომელმაც თავისი თანამემამულის გამოგონება დახვეწა, სატელეფონო მისალმებაც შეცვალა და "ექოი" სიტყვა "ჰელოუთი" ჩაანაცვლა.სხვათა შორის, გადმოცემის თანახმად სწორედ სიტყვა "ჰელოუ" ჩაწერა პირველად ედისონმა თავის კიდევ ერთ გამოგონებაში, ფონოგრაფში. ტელეფონოგრაფიის სწრაფ განვითარებასთან ერთად სიტყვა "ჰელოუ" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სატელეფონო სიტყვად დამკვიდრდა. თუმცა ეს სიტყვა სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური ნორმების მიხედვით სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. მაგალითად, ფრანგები "ალოს" ამბობენ, ვინაიდან მათ ენაში ასობგერა "ჰ" არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ქართველებს ანბანში "ჰაე" მოგვეპოვება, ჩვენთვისაც "ალო" გახდა ტელეფონში მისასალმებელი სიტყვა (თუ არ ჩავთვლით, სიტყვებს "გისმენთ", "ბატონო" ან "რომელ უჭირავს ტრუბკა?":)) ასე რომ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში დარჩა თავდაპირველი სახით სიტყვა "ჰელოუ". იტალიელები ყურმილის აღებისას ამბობენ "პრონტო"-ს, ჩვენებურად "მზად ვარ!", ბერძნები- "ემბროს"-ს ანუ "წინ!", იაპონელების სატელეფონო მისალმება ასე ჟღერს- "მოსი-მოსი!"- "ვლაპარაკობ-ვლაპარაკობ!", თურქების მისალმება კი ქართულად "ბატონო"-ს ნიშნავს- "ეფენდი!"