ვირტუოზი, ვუნდერკინდი – ეს 17 წლის ჯასტინ ბიბერის თანმდევი სახელები იყო მთელი ბავშვობის მანძილზეს. ის დღეს ყველაზე პოპულარული პერსონაა თინეიჯერებს შორის, მისმა თაყვანისმცემლებმა თავიანთი კერპის თითოეული ნაბიჯი ზეპირად იციან. ცოტა ხნის წინ ჯასტინ ბიბერმა საკუთარი თმა გაიღო ქველმოქმედებისათვის. მისი ქერა კულულები 50 ათას დოლარად გაიყიდა.
16 წლის მოზარდი დღეს ყველაზე პოპულარული მომღერალია ინტერნეტში, მან რეიტინგებით ლედი გაგაც დაჯაბნა. მისი ალბომი კი ყველაზე გაყიდვადია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჯასტინ ბიბერი 1994 წლის 1 მარტს დაიბადა კანადაში, ქალაქ სტრატფორდში. როგორც კი ფეხი აიდგა, დასარტყამ ინსტრუმენტზე დაიწყო თამაში, მოგვიანებით გიტარას დაეუფლა, შემდეგ კი – ფორტეპიანოს. სიმღერა კი შედარებით გვიან, 12 წლის ასაკში დაიწყო. ამავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო რეგიონულ კონკურსში "ნიჭიერი" და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.
პოპულარობის პირველი ტალღა 2007 წელს ეწვია, როდესაც ინტერნეტში მისი პირველი ვიდეოკლიპი გაჩნდა. მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ საქმე მომავალ ვარსკვლავთან ჰქონდათ. ინტერნეტში პოპულარული ბიჭით დაინტერესდნენ ჯასტინ ტიმბერლეიკი და აშერი. 2009 წლიდან კი, ამ ორი ადამიანის რჩევით, მომღერალმა ჩაწერა სინგლი "ვან თაიმ", რომელმაც ყველანაირი რეკორდი მოხსნა. მას შემდეგ ჯასტინ ბიბერი ნომერ პირველი მომღერალია თინეიჯერებისათვის.
– ჯასტინ, თქვენ პოპულარული გახდით იმ ასაკში, როდესაც თანატოლები კომპიუტერულ თამაშებზე და სწავლაზე ფიქრობენ. რა გზა გაიარეთ აქამდე?
– ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ იმიტომ, რომ ერთხელ აშერის სიმღერები ჩემებურად შევასრულე და ინტერნეტში დავდე. ჩემი ციფრული ვიდეოკამერით გადავიღე და "იუთუბ"–ზე ავტვირთე. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ კლიპს თვითონ აშერი ნახავდა. ის შემხვდა და ნაყინი მიყიდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მაშინ გადაწყვიტა, რომ დამხმარებოდა.
– როგორია თქვენი თვალით დანახული აშერი?
– კარგი, თუმცა ის არასოდეს იცვამს იმ პერანგებს, რომლებსაც დედაჩემი ყიდულობს. მან მასწავლა რეპის კარგად ცეკვა. ურთიერთობაში მართლაც ძალიან კარგი ადამიანია.
– უფროსი ვარსკვლავებიდან ვინ მოგწონთ?
– ყოველთვის ერთსა და იმავეს ვამბობ – ბიონსე. მასზე 7 წლიდან ვარ შეყვარებული.იმდენად მიყვარს, რომ ვაპატიე, მე რომ არ დამელოდა და ცოლად ჯეი ზის გაჰყვა. ამის კომპენსაციის მიზნით დუეტი ჩავწერეთ.
– თქვენ ყოველთვის მოდურად იცვამთ, თინეიჯერებში უკვე თქვენებური ჩაცმის სტილია მოდაში. თავად რამდენად კარგად ერკვევით ქალის მოდაში?
– ყველაზე მეტად გოგოების ჩაცმულობაში უგები არ მომწონს (დაბალძირიანი, ბოტებისმაგვარი ფეხსაცმელი). ჩემი აზრით, გოგოები ასეთ ფეხსაცმელში ძალიან ველურად გამოიყურებიან, თანაც ფეხები მოკლე უჩანთ. ასევე არ მომწონს, როდესაც გოგონებს ღრუბლიან ამინდში მზის სათვალე უკეთიათ და ღამის კლუბებშიც შავი სათვალით დადიან.
– რა არის თქვენი საყვარელი ნივთები, რომლის გარეშეც არსად მოგზაურობთ?
– პლეერისა და ნოუთბუკის გარეშე ვერსად წავალ. პლეერი იმისთვის მჭირდება, რომ მუსიკას ვუსმინო, ნოუთბუკი კი – იმისათვის, რომ მუსიკა დავწერო.
– სად ატარებთ არდადეგებს და უქმეებს?
– ვგიჟდები ტროპიკულ კლიმატზე, თუმცა ხანდახან ჩემს მშობლიურ კანდაშიც მიყვარს დაბრუნება. ბოლოს ბაჰამის კუნძულებზე ვიყავი, ვიცურავე დელფინებთან, ვითამაშე გოლფი და მართლაც ძალიან მაგარი დასვენება გამოვიდა. ვოცნებობ ბრაზილიაში წასვლაზე. ამბობენ, ძალიან ლამაზიაო, თანაც ბრაზილიელ მოდელებზე ვგიჟდები.
– როდის მიხვდით, რომ მართლაც პოპულარული მომღერალი ხართ?
– როდესაც პრეზიდენტის წინაშე ვიმღერე. ობამასა და მისი ოჯახის წინაშე გამოსვლა მართლაც ყველაზე სანერვიულო იყო.
– თქვენს რომანებზე ბევრი ჭორ–მართალი დადის. ვის ხვდებით ახლა?
– მე წესიერი ბიჭი ვარ, რომელიც არასოდეს გაამხელს, ვისთან აქვს რომანი. გოგოებს ჰკითხეთ, ვის აქვს ჩემთან რომანი, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ შეყვარებული არასოდეს ვყოფილვარ.
– ვისით ხართ ყველაზე მეტად აღფრთოვანებული?
– ცხოვრებაში – დედაჩემით, მუსიკაში – მაიკლ ჯეკსონით. ის მართლაც დიდი ადამიანი იყო, ყველაზე მეტად მინდა, მას ვგავდე.
– რისი მოსწრება გინდათ სრულწლოვანებამდე?
– მინდა, კიდევ ერთი მაგარი ალბომი გამოვუშვა, მსოფლიო შემოვიარო და ჩემი საქველმოქმედო ფონდი მქონდეს. კიდევ ერთი – ვოცნებობ კინოში გადაღებაზე.
– ყველაზე კარგი რჩევა რა მიგიღიათ უფროსებისაგან?
– ყოველთვის მახსოვს დედაჩემის რჩევა: "მოკრძალებული იყავი".
|