მთავარი » 2011»დეკემბერი»28 » ემი ვაინჰაუსის დედა შვილის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდა
14:41
ემი ვაინჰაუსის დედა შვილის გარდაცვალებას წინასწარმეტყველებდა
მომღერალი სარეაბილიტაციო კლინიკაში არაერთხელ იწვა, ბოლოს - 2011 წლის მაისში. ერთხელ საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, სადაც ის მშობლებსა და მენეჯერს მიყავდათ, მომღერალი პირველივე მაღაზიასთან გაჩერდა, ერთი ბოთლი არაყი იყიდა და ერთ ამოსუნთქვაზე დალია.
მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა: რამდენიმე კვირის შემდეგ, ევროპაში მორიგი ტურნეს დროს ვაინჰაუსი ხმაურიან სკანდალში გაეხვა. ბელგრადში კონცერტზე პოპ-ვარსკვლავი სცენაზე მთვრალი გავიდა და ვერცერთი სიმღერა ვერ იმღერა. მომღერლის წარმომადგენლებმა გასტროლები გადადეს და განაცხადეს, რომ ის მკურნალობას დაიწყებდა.
მომღერალი ტაბლოიდების გვერდებზე სკანდალური გამოხდომების გამო ხშირად ხვდებოდა, მაგრამ თაყვანისმცემლები მისი ნიჭისა და ხმის გამო, ყველაფერს პატიობდნენ. სამი წლის წინ ვაინჰაუსი ლონდონიდან კარიბის კუნძულ სენტ-ლუსიაზე გაიქცა, რათა იქ განმარტოვებულიყო და მავნე ჩვევები დაეძლია, თუმცა ტროპიკულ სამოთხეში ცხოვრება მომღერალს ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში ვერ დაეხმარა. მან დროებით შეწყვიტა ნარკოტიკების მიღება, მაგრამ ევროპაში დაბრუნების შემდეგ კვლავ ჰეროინის მომხარებელი გახდა.
2008 წელს ვაინჰაუსის დედამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქალიშვილის უდროოდ გარადაცვაელების ეშინოდა. "ვაცნობიერებ, რომ ჩემმა შვილმა შესაძლოა, წლის ბოლომდეც ვერ იცოცხლოს. ის ჩვენს თვალწინ ნელ-ნელა თავს იკლავს, - აცხადებდა ჯენისი, - უკვე შევეგუე, რომ ის მოკვდება. ჩვენ ისიც კი განვიხილეთ, რომელ სასაფლაოზე ისურვებდა ის დაკრძალვას. თუ ის ასე გააგრძელებს ცხოვრებას, ნარკოტიკები მას ბოლოს მოუღებს. ვაკვირდები ჰიტ ლეჯერსა და ბრიტნის სპირსს - ის მათ გზას ადგას. ემი ყოველდღე სვამს. ის თითქოს ნისლში ცხოვრობს. მისი სხეული და ფსიქიკა ჩვენს თვალწინ იხრწნება".
ნარკოტიკებს ემი მეუღლემ მიაჩვია
ნარკოტიკებზე დამოკიდებული ემი ვაინჰაუსი ბლეიკ ფილდერ-სივილზე დაქორწინების შემდეგ გახდა. 2009 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ იმ დროისთვის ვაინჰაუსი უკვე ჩამოყალიბებული ნარკომანი იყო. განქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე ბლეიკმა მეუღლის ნარკოდამოკიდებულებაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის ჩხუბის გამო იჯდა, ფილდერ-სივილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ემი ჰეროინსა და კოკაინს მიაჩვია და მაზოხისტური მიდრეკილებები გაუღვივა.
ემის მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ბლეიკი განქორწინებას დათანხმდა. ბრიტანულ გაზეთ News of The World-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფილდერ-სივილმა განაცხადა: "ამ ყველაფერში ემი მე ჩავითრიე, ჩემს გარეშე ის საკუთარ თავს არ დაიღუპავდა. ახლა მე ის უნდა გავუშვა, რათა მან საკუთარი თავის გადარჩენა შეძლოს. მე მას ხელს არ ვკრავ. ამას სიყვარულის გამო ვაკეთებ".
ბლეიკის თქმით, ციხეში გატარებული ერთი წლის განმავლობაში ის იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ მოექცა საყვარელ მეუღლეს და ამაზე ფიქრმა მას მტანჯველი სინდისის ქეჯნა გაუღვიძა.
"უდიდესი შეცდომა დავუშვი, როდესაც ემის ჰეროინი გავასინჯე, - აცხადებდა ბლეიკი, - მე ხომ მასზე უფროსი ვიყავი და შესანიშნავად მესმოდა, რომ ნარკოტიკები ემის ცხოვრებას დაუნგრევდა".
ჟურნალისტებთან ინტერვიუებს დროს ბლეიკი საკუთარი თავის მიმართ მრავალ უცენზურო გამონათქვამს იყენებდა. ფილდერ-სივილი ირწმუნებოდა, რომ მეუღლე კვლავინდებურად უყვარს, მაგრამ უნდა წავიდეს და მას თავი დაანებოს, რათა ემი ოდესმე კვლავ ბედნიერი გახდეს. სამწუხაროდ, ემის ეს არ გამოუვიდა